საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.
„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენისას.