ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება.
მისივე თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს.
„გენერატორებთან დაკავშირებით იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრაგენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდგომში პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მივიღეთ დავალება, გამოიყო ამისთვის რესურსები და დაწყებულია შესყიდვის პროცესი. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით, ისინი მიიღებენ ადეკვატურად, საჭიროების შესაბამის მოწყობილობებს, მაღალი ტექნოლოგიის ძალიან საიმედო გენერატორებს. ამისთვის ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი. უკვე მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი, ისე რომ, წლის ბოლომდე საქართველოდან გენერატორები გაიგზავნება"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.