მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არც ერთ ეტაპზე არ დარღვეულა და სამინისტრო გააგრძელებს პატიმრის უფლებების დაცვას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა სასამართლო პროცესზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სამედიცინო დაწესებულება არ არის შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვილი.
"პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს და ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხზე. ამის დასტურია ის გარემოება, რომ 1 500-ზე მეტი მნახველი იყო., ყოველდღიურად შედიან მნახველები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ეს ადასტურებს, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი აქვს სისტემას დასამალი. საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ევროსასამართლოს, თავის დროზე, როდესაც განხილვა იყო, გაერო-ს, ევროკავშირს, როდესაც ისინი ინტერესდებიან ამით“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.