უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა გვიან ღამით გრადებითა და მძიმე არტილერიით 6-ჯერ დაბომბეს ნიკოპოლის რაიონი, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. სუმის ოლქში, კი აგრესორმა იერიში იმ დროს მიიტანა, როცა დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა. რუსებმა გარდაცვლილის სახლის მიმდებარედ ცეცხლი გახსნეს.
რთული ვითარება რჩება ოდესის რეგიონში, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსებმა ქვეყანაში უკვე 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორისაა წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები. პოლიციის ცნობით, მხოლოდ ლუგანსკის ოლქში, თებერვლიდან დღემდე დაიღუპა 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან რეგიონის ნაწილი ამ დროისთვის ოკუპირებულია და მონაცემების დაზუსტება შეუძლებელი.