პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

08 დეკემბერი 2022, 11:02 550 ნახვა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს.

ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოში, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 596 612 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი