გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2022, 13:27 529 ნახვა

"ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ" -  განაცხადა ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ორგანიზაცია „ემპათია“ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ.

 

მთავარია დიაგნოზი - რეალურად როგორია პატიმრის მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ემორჩილება თუ არა პატიმარი დანიშნულებებს, მითითებებს, რჩევებს, რომლებსაც მას აძლევენ მკურნალი ექიმები და ა.შ. 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა ძალაუფლებისთვის, ფულისთვის.

„ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში დაასუსტებს პარტიას და ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ საკუთარ პარტიაში. ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ძალიან კარგი. მათ ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებას და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში. ეს კარგია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც მათ და ვერც საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი