დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართებს მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს 137 ერთეული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი გადაეცა. მათ შორისაა: თბილისი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, წყალტუბო, მცხეთა, ბათუმი, ახალციხე, ხობი, მარტვილი, სენაკი, წალენჯიხა, ფოთი, ჩხოროწყუ, ქობულეთი, გურჯაანი, თეთრიწყარო, გარდაბანი და ხაშური“,- განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს.