ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აფეთქება გვიან ღამით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პჟევოდოვოში, მარცვლეულის საშრობი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ჯო ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია.