ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყო მისი ძარცვა - ირაკლი კობახიძე

03 ნოემბერი 2022, 13:38 596 ნახვა

ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე, ეს ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას საქმეზე თუ ვინმეს კითხვები აქვს, შესაბამის ინსტანციებს მიმართოს.

„არ შეგვიძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. შეფასებას გავაკეთებ, როგორც იურისტი – გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, ასევე იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა. ეს წინასწარ იცოდა, რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისეს „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე. ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს. ეს სასამართლომ დაადგინა და თუ ვინმეს კითხვები აქვს, შესაბამის ინსტანციებს მიმართოს. თუმცა, ფაქტი სახეზეა. შვიდი მილიონით გაძარცვეს ტელევიზია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილებით. ყველაფერი ხელის გულზეა და ყველაფერი ნათელია. ოპოზიცია სპეკულაციებს აქაც ახერხებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„მე აქაც ვერ ჩავერევი. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა, პირველს გაგახსენებთ - ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს არ გავიხსენებ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი