უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება. ამის შესახებ ზალუჟნიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.
ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„დღეისთვის, ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. ვიმედოვნებ, ჩვენი დამცველები ამ ციფრს ყოველკვირეულად გაზრდიან. მზად ვართ, ვიმუშაოთ. დიდი ხანია, საქალაქო და საოლქო ადმინისტრაციების ყველა ხელმძღვანელს სურს დაბრუნება და მუშაობა“, – განაცხადა გაიდაიმ.