„ბიბისის“ ცნობით, მაჰსა ამინის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილ მოქალაქეებსა და ირანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა

26 ოქტომბერი 2022, 21:37 712 ნახვა

ირანელი მაჰსა ამინის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილ ათასობით მოქალაქეს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრაციები თეირანში, ქაზვინში, საქეზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ამინის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

დარბევის მიუხედავად, მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქში, მის საფლავთან 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა სკანდირებით „სიკვდილი დიქტატორს“.

მედიის ცნობით სამართალდამცველებმა მაჰსა ამინის ოჯახი გააფრთხილეს, რომ სასაფლაოზე ცერემონიის ჩატარებას გარკვეული შედეგები მოყვებოდა და ემუქრებოდნენ მაჰსას ძმასაც.

22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, 16 სექტემბერს ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა. ის სამდღიანი კომის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაჰსა ამინს პოლიციამ სასტიკად სცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი