გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

21 ოქტომბერი 2022, 12:02 9384 ნახვა

სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. თეიმურაზ პატარაიას ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსვენებას ითხოვს.  მეზღვაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, თეიმურაზ პატარაია სამხრეთ აფრიკაში 16 სექტემბერს გარდაიცვალა და მას შემდეგ ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება. 

გარდაცვლილ მეზღვაურს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და დასკვნებში აღნიშნულია, რომ 58 წლის კაცის გარდაცვალება პოსტკოვიდურმა გართულებებმა გამოიწვია. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს,  კეიპტაუნის ნავსადგურში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გემზე ასვლისთანავე საქართველოს მოქალაქე შეუძლოდ გახდა და დაკარგა გონება.

გაწეული პირველადი დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. საკრუინგო კომპანიის წარმომადგენელმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შემთხვევიდან მეორე დღესვე მიმართა.

დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათი უშუალო ჩართულობით 19 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მიმართა სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებას, რათა დროულად გაცემულიყო შესაბამისი ნებართვები და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ხელი შეეწყოს გადასვენების პროცესის დაჩქარებისათვის.

უწყებაში ამბობენ, რომ დღეის მდგომარეობით, დასრულებულია ექსპერტიზა, ხოლო გემთმფლობელი კომპანია აგვარებს გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა ტექნიკურ საკითხებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი