იაშვილის კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა

20 ოქტომბერი 2022, 12:49 624 ნახვა

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს, ამბულატორიული და ონკოლოგიური განყოფილებები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს - ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-3 დონის ერთადერთი რეფერალური ცენტრია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულ პედიატრიულ სერვისს სთავაზობს. ბავშვებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოს მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი გრძელდება.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა რიგი სამედიცინო მიმართულებები. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაცია მუდმივად ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას.

გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას. საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.

პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600.
პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, კოორდინირებულად, პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვით.

ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 10 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

პროფესიული განვითარების მიზნით, კადრების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედპერსონალი საზღვარგარეთ უკვე გადამზადდა. მკურნალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით. რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის, რომელიც ყოველწლიურად 30 000-მდე პედიატრიულ პაციენტს ემსახურება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება“, - წერია იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი