უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება. ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა.
დილით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი სამრეწველო უბანი გახდა. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.
„ხარკოვი ცეცხლის ქვეშაა. ხუთ წუთში ქალაქში ორი აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ქვეშაა ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია“-განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუმის ოლქში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო დღე-ღამეში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, რუსულმა ძალებმა მიკოლაივის ოლქი წუხელ „კამიაძე-დრონებით" დაბომბენ. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ღამით იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონიც. კერძოდ, ოკუპანტებმა გამოიყენეს „გრადები“ და მძიმე არტილერია. დაზიანებულია აგროსაწარმო და ელექტროგადამცემი ხაზები.