ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას - პრეზიდენტი

17 ოქტომბერი 2022, 13:26 544 ნახვა

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივი არის დღეს აქ ყოფნა, ამ ძალიან რთულ პერიოდში. პირველად 12 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მოლდოვაში ვიზიტი ტარდება და ასეთი ვიზიტი ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, თუ რაც ევროპაში, უკრაინაში ხდება, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით დავიწყოთ. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის დღეს არის ის, რაც უკრაინაში ხდება. ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელი არის თანამედროვე მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენი ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის.

რუსეთის აგრესია არის ერთის მხრივ, არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმი არის დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც ომების საუკუნე და ტოტალიზებული საუკუნე იყო. ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის და ალბათ, მთლიანად მსოფლიოსთვის და ამიტომ არ შეიძლება, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს. არ შეიძლება რომ უსამართლობამ, არაადამიანურობამ გაიმარჯვოს.

ჩვენთვის, როგორც ქვეყანისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრი არის და კიდევ უფრო იმის შემდეგ, რაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოაცხადა, რაც რუსეთმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში რუსული პასპორტები დაარიგა და რაც რუსეთი მობილიზაციას აწარმოებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ეხება. ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რაც მათი ომი არანაირად არ არის.

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთს მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით. მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის მიმართ იჩენს. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულიად უერთდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი