ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე რვა ადამიანია დაკავებული - რუსული მედია  

12 ოქტომბერი 2022, 11:40 570 ნახვა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი იყო. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ტერაქტის მომზადებაში მონაწილე რვა  ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქეა.

მათივე განცხადებით, დადგენილია  აფეთქების მომზადებაში მონაწილე  12 ადამიანის ვინაობა და სატვირთო ავტომობილის ზუსტი მარშრუტიც.

აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესიდან  ბულგარეთში გაიგზავნა, ბულგარეთიდან იგი ფოთში გადაიტანეს, შემდგომ კი სომხეთში. ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები.

29 სექტემბერს ერევნის ტერმინალში ტვირთი განაბაჟეს და  დოკუმენტები შეცვალეს. საქართველოში რეგისტრირებულმა სატვირთო ავტომანქანამ 4 ოქტომბერს  ზედა ლარსის საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი ტვირთი არმავირში საბითუმო ბაზაზე გადმოტვირთეს.

7 ოქტომბერს  უკრაინისა  და რუსეთის მოქალაქეების თანამონაწილეობით ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა დასახელდა.

მათივე ცნობით, 8 ოქტომბერს დილას სატვირთო ავტომანქანა ყირიმის ხიდზე აფეთქდა.  ინციდენტის შედეგად დაზიანდა ხიდი, ცეცხლი გაუჩნდა აფეთქების მომენტში ხიდზე მოძრავი ნავთობით დატვირთული მატარებლის ცისტერნებს. დაიღუპა 4 ადამიანი.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ რუსეთი ამ ბრალდებას საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს, ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებენ საფრთხეების პრევენციის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ თუ საქართველოს მიმართ ამ ბრალდებას ოფიციალური  ხასიათი ექნება, შესაბამისი პასუხი გაეცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი