ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი არეულობის შედეგად სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა. კონფლიქტი აღმოსავლეთ იავაში მდებარე სტადიონზე საფეხბურთო კლუბ არემასა და პერსებაიას შორის თამაშის დროს დაიწყო. მას შემდეგ რაც არემა დამარცხდა, გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და არეულობის მოწყობა სცადეს.
პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც სტადიონის გასასვლელებში ჭყლეტა მოჰყვა.
რაც შეეხება დაშავებულთა რიცხვს, ბოლო ინფორმაციით, 180-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპულთაგან ორი პოლიციელია.გამოცემის ინფორმაციით, ფიფას წესების თანახმად, პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი.
ინდონეზიის უშიშროების მინისტრმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ სტადიონი 38 ათას ადამიანზეა გათვლილი, ხოლო მატჩზე 42 ათასი ბილეთი გაიყიდა.
ინდონეზიის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის გადადების და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.