ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, გამოიყენებს მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ.
"მსურს, ორი რაღაც ვთქვა. პირველი არის ის, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. ევროპული პერსპექტივა კრისტალურად ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა.
მეორე ნაწილი არის ქართველებისთვის, რომ შეასრულონ 12 რეკომენდაცია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევის პროცესი, არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის.
"ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი. როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის, ასე რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, პროცესი დასრულდება უმაღლესი კვალიფიკაციის პირის შერჩევით და როგორც მე ვხვდები, ეს პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ალექსანდრ ლუკაშენკოს, აფხაზეთში ვიზიტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიუღებელია, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი.
"მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“,- განაცხადა ელჩმა.