სპეცოპერაცია დასრულებულია, დაკავებულია ერთი პირი და ყველა მძევალი თავისუფალია - შსს

20 სექტემბერი 2022, 20:04 804 ნახვა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის” ფილიალში სპეცოპერაცია დასრულდა -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, დაკავებულია შეიარაღებული პირი და ყველა მძევალი გათავისუფლდა.

„სპეცოპერაცია დასრულებულია. ერთი პირი არის დაკავებული. ყველა მძევალი თავისუფალია. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელებმა იმუშავეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

შემთხვევის ადგილას მთელი დღის განმავლობაში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ბანკზე თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ის ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აფეთქებით იმუქრებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში