ბორჯომში მეხუთე დღეა ხანძარს ებრძვიან, რთული რელიეფის გამო მუშაობის პროცესი გართულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 1 200-ზე მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ასევე ადგილზე მუშაობს ოთხი ვერტმფრენი.
რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ ამბობენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის მონიტორინგი დრონებით ხდება.
ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.
მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პროცესში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.