უკრაინაში ომის 175-ე დღეა, რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას, ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაივში უნივერსიტეტზე. დაბომბვის დროს უნივერსიტეტში მხოლოდ დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა და ის არ დაშავებულა. გვიან ღამით დაიბომბა ოდესის ოლქი, რუსულმა ძალებმა რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელეს.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დონბასში რუსული მხარე სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს შეტევაზე გადასვლას.
სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა რამდენიმე დასახლების ტერიტორიაზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 41 893 დანაშაული ჩაიდინეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.