შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით "მთავარი არხის" ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული.
ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ერთი პირი დააკავეს“,- აცხადებენ უწყებაში.
ლაშა ნაკაიძეს "მთავარ არხზე“ დილის გადაცემა მიჰყავდა. ის სამართალდამცველებმა გუშინ ღამით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.
"მთავარი არხი" ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.
"მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია "მთავარი არხის" განცხადებაში.