სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.
მემორანდუმი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
"მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო, 10%-ს კი ბენეფიციარი.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში, სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს აფინანსებს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო 10%-ს, ბენეფიციარი კი 10%-ს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს უნდა მიმართოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.