პოლიციამ 3 კილოგრამამდე "კოკაინის" საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 ივლისი 2022, 11:14 1238 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი