ღირსების მარში შედგა - ''თბილისი პრაიდის'' ორგანიზატორები

08 ივლისი 2019, 19:35 2027 ნახვა

''თბილისი პრაიდის'' აქტივისტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ''ღირსების მარში '' გამართეს. მათ ჰქონდათ ბანერები: „არა ჰომოფობიას“, „სახელმწიფო სად ხარ“.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს ყველას. ბევრი რაღაც დაგვაბრალეს, თითქოს პრაიდის უკან არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ საქმეს ვაკეთებთ. ეს არის სირცხვილი.

შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა. ლევან ვასაძე დღემდე აქციებს მართავს, სახელმწიფო კი ჩვენ გვერდზე არ დაგვიდგა. „ღირსების მარში“ შედგა, არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს, საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გამოვედით იმ რაოდენობით, როგორც დაგეგმილი იყო, ეს მაინც მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველწლიურად გავიზრდებით“,- განაცხადა თაბაგარმა.

"100 რჩეული ვაჟკაცი წავიდა იქ, ჩვენ აქ დავრჩებით" - ეს განცხადება პარლამენტთან ლევან ვასაძის მხარდამჭერმა გააკეთა, რომლებსაც უთხრეს, რომ  ღირსების მარში ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტრისთან მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ გაბითურებას ცდილობენ ლგბტ თემის წარმომადგენლები და ისინი არ დათმობენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

"იქ ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი ბიჭები, ამიტომ ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით აქედან" - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ისინი ამ დრომდე პარლამენტთან რჩებიან და ტერიტორიაზე არ უშვებენ ანტისაოკუპაციო აქტივისტებს. ეს ლოკაცია აღებული გვაქვს ჩვენ - ამბობენ ვასაძის მომხრეები.

 

ფოტო: on.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში