სეზონის ოფიციალურ გახსნამდე, სანაპიროების ნაწილზე მოქალაქეებს მაშველები არ იცავენ  

11 ივნისი 2019, 11:16 1089 ნახვა

ბათუმში, ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე 4 დღე რჩება, არაოფიციალურად საზღვაო სეზონი  კი უკვე ერთი თვეა გაიხსნა. პლაჟზე უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივების სიმრავლეა. სრული დატვირთვით მუშაობს კერძო სექტორიც, კაფე-ბარები და გასართობი ობიექტები.

პლაჟზე შესაძლებელია შეზლონგებისა და ქოლგების ქირაობაც. მოქალაქეები ყვებიან, რომ გასული წლისგან განსხვავებით  სანაპიროზე მაშველების სიმცირეა. პერიმეტრზე არც სამაშველო კოშკურებია, არსებულების დიდი ნაწილი კი ძველი და ამორტიზებულია.

მაშველები პატრულირებენ ცენტრალურ ნაწილში, მაგალითად ანბანის კოშკის, სასტუმრო "შერატონის" წინ.  ორი დღის წინ, 9 ივნისს, საცხოვრებელ კომპლექსს "მაგნოლიას" მიმდებარედ მამაკაცი ზღვაში შველას ითხოვდა. დამსვენებლებმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ დაახლოებით დილის  ათ საათზე პერიმეტრზე არცერთი მაშველი არ იყო. მამაკაცი ზღვიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე აჭარის სანაპირო ზოლში 103 მაშველი მორიგეობს, სეზონის გახსნის შემდეგ კი მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50-ით მეტია. ისინი სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრზე გადანაწილდებიან. უწყებაში ირწმუნებიან, რომ კოშკურების მოწესრიგება უკვე დაწყებულია, პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.

ამბობენ, რომ აქვთ სიახლეებიც, თუმცა მათ შესახებ ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე არ საუბრობენ.

წელს პირველად სანაპიროზე საკუთარი რესურსებით, ხუთ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურას ''ბათუმის ბულვარი'' ააშენებს. მშენებლობისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. განცხადებების მიღება კი რამდენიმე დღეში დასრულდება.

თუმცა, სეზონის გახსნამდე ახალი კოშკურების განთავსება სანაპირო ზოლში ვერ მოესწრება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამეთვალყურეო კოშკურები ეშმაკის ბორბლიდან, ახალ ბულვარამდე პერიმეტრზე გადანაწილდებიან.ზუსტი ლოკაციები  ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ ამბობენ, რომ დისტანციას დაიცავენ და სამაშველო სამსახურთან შეთანხმებით იმოქმედებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, რატომ არ გამოაცხადა ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უფრო ადრე, ისე რომ კოშკურები სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნამდე განთავსებულიყო?

ბულვარის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს,რომ ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებულად მოქმედებენ.

''საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოგვაწოდა პროექტი, ჩვენ მათი ესკიზებით ვაკეთებთ. დოკუმენტები მოგვაწოდეს თუ არა ტენდერი გამოვაცხადეთ.  ბულვარმა საკუთარ თავზე, მხოლოდ ხუთი კოშკურის გაკეთების ვალდებულება აიღო.''

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა 2017 წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში