ვინ ჩაიბარებს 1 700 000 ბიუჯეტიან ორგანიზაციას? - კონკურსი შესაძლოა ჩაიშალოს 

06 ივნისი 2019, 18:50 2322 ნახვა

განათლების სამინისტროს ახალშექმნილი სსიპ - "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" ბიუჯეტი 1 700 000 ლარი იქნება - მთავრობის გადაწყვეტილება დღეს დეპუტატებმა დაამტკიცეს. 

უწყება, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით შეიქმნა, მალე თანამშრომლებითაც დაკომპლექტდება. 

ვინ ჩაიბარებს 1 700 000 ბიუჯეტიან ორგანიზაციას? თანამშრომლების და მისი ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. თუმცა, შესაძლოა ის ჩაიშალოს. 

ამის შესახებ დღეს, 6 ივნისს, განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, მიზეზი სსიპ-ის ხელმძღვანელის პოსტზე დაბალი კვალიფიკაცის დაწესება გახდა, რამაც კითხვები გააჩინა. 

უფრო კონკრეტულად, ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომია საკმარისი, როცა უმეტესად, სხვა უწყებების მმართველებისთვის აუცილებელია მაგისტრის წოდება. 

მაია ხაჯიშვილის განმარტებით მისი მიდგომაა, რომ კონკურსები იყოს ობიექტური და საზოგადოებას ნაკლებ კითხვას უტოვებდეს. ამიტომ, შესაძლოა კონსულტაციების შემდეგ, მიმდინარე კონკურსი შეწყდეს. 

"დასაქმება ხდება კონკურსის გზით. ვფიქრობ, პრინციპი კონკურსები იყოს ობიექტური, რომ საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს მის მიმართ, ეს არაერთხელ განვაცხადე და მინდა, რომ ჩემი მიდგომა, ეს ხაზი  შენარჩუნდეს"- თქვა მაია ხაჯიშვილმა.

განათლების ახალდანიშნულმა მინისტრმა გადაწყვეტილების შესაძლო ცვლილების შესახებ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. რეზო ხარაზმა "ახალგაზრდობის ცენტრს" ოცნების აქტივისტების დასაქმებისა და დაფინანსების ახალი წყარო უწოდა.

აჭარის განათლების სამინისტროს სსიპ "ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი" ერთი თვის წინ შეიქმნა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი