შენობაში მოწევისთვის მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმდება

02 იანვარი 2019, 00:00 2570 ნახვა

 მწეველებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ამჯერად დახურულ სივრცეში მოწევისთვის ისინი 100 ლარით დაჯარიმდებიან. აქამდე კი პატრული ფიზიკურ პირს მოწევისთვის ვერ აჯარიმებდა. კანონდამრღვევები მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ჯარიმდებოდნენ.  

''თამბაქოს კონტროლის ალიანსის'' წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში ფიზიკურ პირს 200 ლარის გადახდა უწევდა, ასევე ის საჯარო სამსახურში გარკვეული პერიოდი ვერ იმუშავებდა.

''სასჯელი პიროვნებისთვის ძალიან მძიმე, რომ არ ყოფილიყო, კანონში ცვლილება შევიდა და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. იმ შემთხვევაში, თუ ადმინსიტრაცია მათ აუკრძალავს მოწევას, არ დაემორჩილებიან და ამის გამო გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, დაჯარიმდება მხოლოდ ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია მწეველ სტუმარს მოწევას არ აუკრძალავს, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ორივე დაჯარიმდება, ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით. განმეორებითი ჯარიმა 200 ლარი იქნება'' - ამბობს გიორგი მაღრაძე. 

საქართველოში დახურულ სივრცეებში მოწევა რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. შესაბამისი სამსახურები პროცესს მონიტორინგს უწევენ. მხოლოდ გასულ კვირაში ბათუმში 4 ობიექტი დაჯარიმდა, სადაც მოქალაქეები სიგარეტსა და ჩილიმს თავისუფლად ეწეოდნენ. 

მოწევის ფაქტები ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. 

ამავე კატეგორიაში