ბავშვთა კვების პროდუქტებში საშიში ბაქტერია აღმოჩნდა

12 დეკემბერი 2017, 00:00 4493 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს დავალებით ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis პროდუქციის  გამოთხოვის პროცესი დაიწყო.  მიზეზი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინება გახდა. ცნობილია, რომ საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტები შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ ეტაპზე  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში  აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით განცხადება ფრანგულმა კომპანიამაც გაავრცელა.

„საფრანგეთში წარმოებული ბავშვთა კვების ზოგიერთ პარტიაში არსებობს სალმონელას გამოვლენის ეჭვი რასაც დიარეისა და ტემპერატურის მატების გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული საექსპორტო პარტია შესაბამისობაში იყო ადგილობრივ კანონმდებლობასთან, Lactalis-მა გადაწყვიტა რეალიზაციიდან ამოიღოს 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიაში სადეზინფექციო და სანიტარული პროცედურები დაწყებულია, რის შემდეგაც პროდუქციის წარმოება განახლდება.

პოტენციურად საშიში პროდუქციის ექსპორტი საქართველოში, ჩინეთში, ტაივანში, მაროკოში, სუდანში, რუმინეთში, საბერძნეთში, კოლუმბიაში, პერუსა და კიდევ ათობით ქვეყანაში ხორციელდებოდა.  

ამავე კატეგორიაში