ერთადერთი გზა, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ახალი ამბები, არის ის, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ ამბების გაშუქება თავდასხმისა და დაშინების გარეშე - კელი დეგნანი

15 ივლისი 2022, 16:15 721 ნახვა

აშშ-სთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ის ასევე პრიორიტეტი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-სთვის. მიმდინარე კვირის დასაწყისში შევხვდი ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს საქართველოში მედიის თავისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ. ეს იყო ძალიან კარგი აზრთა გაცვლა, ასევე ძალიან გამომაფხიზლებელი შეჯამება იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტები განიცდიან, მათ შორის თავდასხმებსა და შევიწროებას, რაც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ახალი ამბები, არის ის, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ გარეთ გასვლა და ამბების გაშუქება თავდასხმის, შევიწროებისა და დაშინების, შიშის გარეშე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის საელჩოსთვის და ვფიქრობ, ეს უნდა იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გია გაჩეჩილაძის  მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, სწორედ ამიტომ საელჩომ პარლამენტს მოუწოდა, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც დეგნანის თქმით, არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას.

„სწორედ ამიტომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს მოვუწოდეთ, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას ან ევროკავშირის კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას შემოდგომას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატებისა და სხვების მოსმენას ეხებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ისეთი მოსმენების გამო, როგორიც ხდება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი