4 ივლისი მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო - პრემიერი

04 ივლისი 2022, 13:18 527 ნახვა

გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

„საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა. ამ გზაზე, განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.

30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში, ჩვენ ვაღრმავებთ პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამ მხარდაჭერის.

საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი და მტკიცე პარტნიორობისადმი ერთგულებას.

ვუსურვებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. 4 ივლისს საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ!“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი