მესამე დღეა რომიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი ვერ სრულდება

16 ივნისი 2022, 10:09 914 ნახვა

მესამე დღეა, რომიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი ვერ სრულდება. 150 მგზავრი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ მათ რეისის გადადების მიზეზს არავინ აუხსნის. ღამით, მგზავრებს შორის რამდენიმე შეუძლოდ გახდა, მათ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარება დასჭირდათ. მგზავრების ცნობით, ერთი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ავიაკომპანიიდან არავინ ეკონტაქტება, შესაბამისად რეისის გადადების მიზეზიც არ იციან. 

 მათ დახმარების თხოვნით მიმართეს იტალიაში საქართველოს საელჩოს, თუმცა მათი თქმით, საელჩოს წარმომადგენლები ყურადღებას არ აქცევენ.

,,ახალ ბილეთებს რაც შეეხება, თანხის ანაზღაურებაზე მოგვივიდა მეილი დაახლოებით 2 კვირაშიო. ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაბრუნდნენ, თან ბავშვები ჰყავთ 4 და 5 წლის. სხვაგან რომ შევიძინოთ ბილეთები 1000-1200 ევრო დაჯდება რისი საშუალებაც არ გვაქვს, 2 კვირა როგორ უნდა ველოდოთ თანხის ანაზღაურებას? ’’-ამბობს ერთი-ერთი მგზავრი, ჟანა კვარაცხელია. 

კომპანია ,,ვიზეარი’’ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. კომპანიაში ადასტურებენ, რომ ,,ვიზეარს’’ პერსონალის დეფიციტი აქვს. თუმცა არ საუბრობენ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ეს გახდა თუ არა რეისის გადადების უშუალო მიზეზი. 

,,სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტულ ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი. განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით. მიუხედავად გაუქმებული რეისებისა, ჩვენი ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველდღიურად, 100 000-ზე მეტი მგზავრი მიდის დანიშნულების ადგილამდე. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადოთ გულწრფელი ბოდიში მომხმარებლებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტი მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება’’. - ნათქვამია ,,ვიზეარის’’ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ მზად არიან მგზავრების სასტუმროებში  დროებითი გადაყვანა თავად უზრუნველყონ ან მგზავრებმა საკუთარი ძალებით შეძლონ და შემდეგ კომპანიას წარუდგინონ სასტუმროს ქვითარი. 

განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ელჩი და კონსული რომის ფიუმიჩინოს  აეროპორტში იმყოფებოდნენ. ისინი მოლაპარკებებს მართავდნენ კომპანიის თანამშრომლებთან. შეთანხების მიხედვით, 15 ივნისს ყველა მგზავრი გეამგზავრებოდა საქართველოში, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

,,ბოლო ინფორმაციით, ყველა მგზავრს ადგილები დაუჯავშნეს რომი-ბუდაპეშტის 16 ივნისის რეისზე 22:00, ხოლო ბუდაპეშტიდან მგზავრები 17 ივნისს გაემგზავრებიან ქუთაისში“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანია ,,ვიზეარმა’’  რეისი გადადო. მაისში კომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გადადო, მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემები დაასახელა. ამბავს მგზავრთა უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი