საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოვლინდა 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.
უწყების ცნობით, ავსტრიის მოქალაქემ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.
''მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია'' - წერია განცხადებაში.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.