საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული.
„ზოგადად, როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით კონკრეტული ხედვები აქვთ, რომელიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ჩვენ ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა აქტიური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც გვაქვს, მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე.
ყველა ჩვენი პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დადო და ეს პროცესი მომავლში გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ პირნათლად შეასრულა ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში.
მინისტრი ამბობს, რომ, საქართველო არის დასკვნის მოლოდინში, რომელსაც თავდაპირველად ევროკომისია მოამზადებს და შემდგომ გადაეგზავნება საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ყველა იმ მნიშვნელოვანი, განხორციელებული რეფორმების შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა და რომლის გატარებასაც გეგმავს. ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებო, რომ საქართველომ ევროკავშირთან შეათანხმა ასოცირების დღის წესრიგი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი სახელმძღვანელო მომავალი წლების განმავლობაში რა ტიპის რეფორმები, რა დინამიკით უნდა განვახორციელოთ. ამ დოკუმენტში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სრულად არის ასახული ყველა ის ვალდებულება, გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო და ეს დოკუმენტი იქნება ერთ-ერთი მთავარი, რომლის მიხედვითაც, ვიხელმძღვანელებთ ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის პროცესში.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მე თავად მქონდა 20-მდე შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ იმ მოლოდინებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ მიერ შესრულებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებიდან გამომდინარე. მსურს, მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველომ ძალიან პირნათლად შეასრულა ის ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში, ჩვენ ძალიან დროულად და ეფექტურად მოვახდინეთ ამ დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა. ჩვენ ვართ დასკვნის მოლოდინში, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს და შემდგომ საბჭოს გადაეგზავნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.