საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იორდანიაში, საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტზე მიმდინარე კვირაში კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება.
პრემიერი ვარაუდობს, რომ პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი, უკვე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„მინდა, დავიწყო იორდანიის ვიზიტით. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროექტი, გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, 10 მეტრში და დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს უკვე შექმნილი, სადაც ჩართული იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, ამ კვირაში შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ, დავიწყოთ უკვე მუშაობა კონცეფციაზე, პროექტირებაზე. როგორც კი იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება აქტიური სამუშაოები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე და პროექტირებაზე მუშაობა დასრულდება რამდენიმე თვეში და ჩენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს უკვე დავიწყოთ იქ სამუშაოები. ეს არის ჩვენი გეგმა და ამის თაობაზე პერიოდულად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
29 მაისს საქართველოს იორდანიაში ოფიციალურად გადმოეცა მიწა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება