რა ხდება ომის დაწყებიდან 85-ე დღეს? კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა რუსული სოფელი ტიოტკინო დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის ტექნიკას დაარტყა, განადგურდა 20-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა. რუსეთის ძალები მთელი ღამის განმავლობაში შეტევას ახორციელებდნენ სუმის რეგიონში.
რუსული საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ხერსონის ერთ-ერთ სოფელში. გასულ დღე-ღამეში 15 მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან თავდასხმებს დონეცკის ოლქში.
ოკუპანტებმა დაბომბეს 46 დასახლება და გაანადგურეს ათობით შენობა, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღი.