საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე.
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.