საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, ტორპედოს ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.
ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.
ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით.
ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს - გიორგი პაპავას.
4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის კიდევ ერთ ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის.
ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს.
ქუთაისელთაგან ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს.
ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას.
მატჩი, 2022 წლის 29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრის 96-ე წუთზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეხვედრა შეწყდა.