აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება - თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა

13 აპრილი 2022, 14:46 1111 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა, რაც 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას გულისხმობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე განცხადებით, პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება.

"სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, გადასახადი დაუფინანსდებათ. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არა ერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში მოქმედებს სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.

2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა უფინანსდებათ სხვადასხვა სტატუსის მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. 2022 წელს სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით მაღალმთიან აჭარაში 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

2022 წელს აჭარაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 4 მილიონ 500 000 ლარია გამოყოფილი."-აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში