გამოიყენეს თუ არა რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი - ამას ჯერ პენტაგონი ვერ ადასტურებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, თუმცა აშშ-ის თავდაცვის უწყებაში შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.
ჯონ კირბის თქმით, აშშ განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს.
,, ვიცით სოციალური მედიის ცნობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში, პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა განალაგეს. თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა, უკრაინაში, რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ''- განაცხადა კირბიმ.
აშშ-სთან ერთად დიდი ბრიტანეთიც თავის პარტნიორებთან მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გადასამოწმებლად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება უმოწყალო ესკალაცია ამ კონფლიქტში და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პუტინს და მის რეჟიმს“, – წერს ლიზ ტრასი.