უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა - სოლიდარობის აქცია ქუთაისში 

24 მარტი 2022, 16:36 1497 ნახვა

​რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე ქუთაისში მორიგი სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეები ლესია უკრაინკას ქუჩაზე შეიკრიბნენ, გააპროტესტეს ოკუპანტი რუსეთის აგრესია და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. მდუმარე აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ.

დღესვე ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად კედელი მოხატეს.  საინიციატივო ჯგუფ „ძალა ხალხშია“ დახმარებით და მხატვარ დავით აბულაძის შესრულებით კედელი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე მოიხატა.

"არა ომს" - ასე ჰქვია კომპოზიციას. ნახატზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მთავარი სათქმელია: ''არა ომს'', ''არა ბავშვების ხოცვას'', ''არა ოკუპაციას'' და ''არა ბოროტებას''.

უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის შეჭრიდან ერთი თვე გავიდა. ერთი თვეა, რაც რუსული არმია უკრაინაში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს როგორც სამხედრო ობიექტებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზე. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, როგორც განმარტავენ მსხვერპლი გაცილებით დიდია.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსულ აგრესიამ 128 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი