2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - რატი ბრეგაძე

24 მარტი 2022, 14:01 1196 ნახვა

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ ახორციელებდა. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ აღნიშნული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

"საჩივრების მკვეთრი კლება, ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ"- განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი