ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათვე განცხადებით, აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო-7“ ახორციელებდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში, კომპანიამ შეასრულა სამუშაოების საერთო ღირებულების მხოლოდ ¼, რაც სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მუთითებდა.
"მიუხედავად კომპანიის მრავალგზის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ზიმო-7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში, ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო და სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში, რასაც ადასტურებს დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამხანაგობა ,,ასკ და უნიპროფჯგუფი“.
ამ ეტაპისთვის „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდება საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციაში სამუშაოთა მოცულობების კორექტირება და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება კორექტირებული პროექტის მიხედვით"- აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ფოტო: არქივი