ბათუმის საზღვაო აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. უმაღლეს სასწავლებელს მურთაზ დევაძე უხელმძღვანელებს.
მურთაზ დევაძე 2010-2014 წლებში იყო საზღვაო ფაკულტეტის დეკანი, 2017-2020 წლებში - აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი; მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა, 2021 წლის მარტიდან იკავებდა რექტორის მოადგილის პოზიციას, ხოლო 14 თებერვლიდან ასრულებდა აკადემიის რექტორის მოვალეობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ახალი რექტორი საქმიანობას 15 მარტიდან შეუდგა.
„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ,“ - აღნიშნა რექტორმა თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე.
ინფორმაციას საზღვაო აკადემია ავრცელებს.