სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პროდუქციის მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. ოთარ შამუგიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის ხორბლის და ფქვილის მარაგი.
მინისტრი ამბობს, რომ შაქართან დაკავშირებულ აჟიოტაჟს საფუძველი არ ჰქონდა.
„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ ყველამ ერთად გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს, ისე რომ არანაირი შეფერხება არ არის. შემოდის პროდუქტები ქვეყანაში, როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. მითუმეტეს, რომ შაქარი არ შემოგვაქვს ჩვენ არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან, შესაბამისად ამ აჟიოტაჟს საფუძველი არ ჰქონდა.
არც სხვა პროდუქტებთან მიმართებაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის ასევე ფქვილის. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ ჩვენ კერძო სექტორთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ შესაბამის ბაზრების მოძიების პროცესში. ასევე კონატაქტების დამყარებაში. დღესდღეობით ამ მიმართულებით, ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი არის წესრიგში'' - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, შესაძლოა გარკვეულ მაღაზიებში იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში ივსება მარაგები.
,,შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები.
მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაკეთებთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად და უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა შამუგიამ.