გაძვირებული საწვავის ფონზე, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 50 თეთრით ძვირდება. მძღოლებმა მგზავრების გაფრთხილება უკვე დაიწყეს.
საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების ნაწილზე, გამაფრთხილებელი ბანერები უკვე გამოკრულია, რომ 14 მარტიდან მგზავრობის ფასი ქობულეთამდე 2 ლარი და 50 თეთრი იქნება.
მძღოლები ამბობენ, რომ გაძვირებული საწვავის ფონზე, მათ ორი ვარიანტი დარჩათ - ან ავტომობილები გააჩერონ, ან მგზავრობა გააძვირონ. ამბობენ, რომ თუ საწვავზე ფასი დაიკლებს, მგზავრობის ფასიც 2-ლარიან ნიშნულს დაუბრუნდება.
დაამტკიცა თუ არა ახალი ტარიფი ქობულეთის საკრებულომ, ამ ეტაპზე უცნობია - სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ცნობითვის, ბოლო ორ კვირაში, საქართველოში საწვავზე ფასმა საშუალოდ 25 თეთრით მოიმატა. ზრდა ყველა კატეგორიის საწვავს შეეხო. ავტოგასამართ სადგრებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის ფასი 3 ლარსა და 70 თეთრამდე ავიდა, ხოლო „რეგულარი“ 3 ლარი და 45 თეთრია.
ეკონომისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არაპროგნოზირებად ვითარებაში საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება.
წლის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი იყო, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად კი 140 დოლარამდე გაიზარდა.