საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ - კელი დეგნანი

28 თებერვალი 2022, 12:47 1057 ნახვა

უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა - კელი დეგნანი

საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ, ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაერო-ში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა .

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ კრიზისით, რომელიც რუსეთმა შექმნა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ასობით დაჭრილია. ეს არის ომი, რომელიც შექმნა და დაიწყო რუსეთმა. უკრაინელების გმირული პასუხი ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებს. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა. საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაერო-ში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია.

ასევე ქართველი ხალხის, ბიზნესისა და მთავრობის გულმხურვალე პასუხი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის უკრაინელი ხალხისთვის. ყველა ჩვენგანს მეტის გაკეთება მოგვიწევს მომდევნო დღეებში. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციები დააწესა. აშშ-მა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას გასული წლის განმავლობაში, მათ შორის 350 მილიონი, რომელიც ახლახანს გაიცა სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ რამდენიმე დღის წინ.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასეც დარჩება. ვიცი, რომ ჩვენ ერთიანი ვრჩებით. ამ დროს ერთიანობა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლის გაგზავნაც რუსეთისთვის შეგვიძლია, რომ საერთაშორისო საზოგადოება რჩება ერთიანი ამ თავდასხმის წინაშე, ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გვინარჩუნებდა გასული 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი