„ამ ღამით ისინი შტურმზე გადავლენ, ამ ღამეს უნდა გავუძლოთ“ - ზელენსკის სპეციალური მიმართვა უკრაინელებისთვის

26 თებერვალი 2022, 02:33 1188 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ეს ღამე ძალიან მძიმე იქნება და მტერი უკრაინელების წინააღმდეგობის გასატეხად ყველა ღონეს იხმარს.

„ამ ღამით, მტერი ყველა არსებულ ძალას გამოიყენებს, რათა გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა - მუხანათურად, უხეშად და არაადამიანურად. ამ ღამით ისინი შტურმზე გადავლენ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რა გველოდება.

ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება...

ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ გათენდება.“

ზელენსკის თქმით, ეს ღამე ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე იყო დღე.

„დარტყმის ქვეშ ჩვენი ქვეყნის უამრავი ქალაქია: ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი,ჩენი ბიჭები დონბასში, ქალაქები სამხრეთ უკრაინაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივმართოთ კიევზე და არ დავუშვათ დედაქალაქის დაკარგვა“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყველა სამოქალაქო პირი უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, ხოლო თითოეულმა, ვისაც თავდაცვაში დახმარება შეუძლია, უნდა შეაჩეროს მტერი, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

„თუკი თავდამსხმელისთვის საბავშვო ბაღიც კი დასაშვები სამიზნეა, არ უნდა დაუტოვოთ მათ მცირე შანსიც კი“ - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში