გიორგი რუხაძის შეფასება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

24 თებერვალი 2022, 10:19 809 ნახვა

ექსპერტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ საქართველო უკრაინას უნდა დაეხმაროს, ეს იქნება ლტოლვილების მიღება თუ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.

გიორგი რუხაძე ამბობს, რომ პრემიერის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას უკავშირდებოდა - კომიკური იყო. 

''დღეს განცხადებები უკვე საკმარისი აღარ არის, ეს გუშინაც კი დაგვიანებული იყო. მთელი მსოფლიო საქმეზეა გადასული, სრულიად კომიკურად გამოიყურება საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ თურმე  რა იარაღის მიწოდება და დახმარება, დიპლომატიით უნდა გადავწყვიტოთ საქმე. სასაცილოა ასეთი განცხადებები. თუ შეუძლია უკრაინას საქმით დაეხმაროს ამ კუთხით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, თუ არა ასეთი განცხადების კეთებას არაფერი თქვა ჯობია. ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება: ეს არის ლტოლვილების მიღება, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. საქართველოს აქვს სამხედრო პოტენციალი, რომელიც უკრაინას გამოადგება'' - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთისთვის სანქციების გაზრდა და უკრაინის იარაღით მომარაგება. 

გიორგი რუხაძის თქმით, დასავლეთი უნდა ჩაერთოს და გააჩეროს რუსეთი.

''დრამატული დროა, რუსეთი ინტენსიურად ბომბავს ქალაქებს. პუტინის გამოსვლიდან გამომდინარე ეს არ არის მხოლოდ ოპერაცია ლუგანსკსა და დონეცკში, ეს არის ოპერაცია, რომლის ამოცანაც არის ერთი მხრივ უკრაინის მთელი სამხედრო პოტენციალის  განადგურება და მეორეს მხრივ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. ეს არის უდიდესი ბოროტება რასაც პუტინი ჩადის უკრაინაში. 

ის ფაქტი, რომ 21 საუკუნეში რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ეს არის სერიოზული განაცხადი, რომ პუტინი არ აღიარებს საერთაშორისო სამართალს.

იმედია, რომ მთელი ევროპა დადგება უკრაინის მხარეს. რუსეთს ადვილი გამარჯვება ნამდვილად არ ექნება. აუცილებელია ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სანქციები, რომელიც დაწესდა გააათმაგდეს, იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს. მეორეს მხრივ დასავლეთმა მეტი შეიარაღება უნდა მიაწოდოს უკრაინას, იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა. 

ის რაც ამ დილით მოხდა, ამით შოკირებულია მთელი მსოფლიო. ყველა ელოდა აგრესიულ საქციელს პუტინის მხრიდან, მაგრამ არა ასეთ თავხედურს. როდესაც მან ერთდროულად იერიში მიიტანა 10-ზე მეტ ქალაქზე. ეს კი უკვე ფართომასშტაბიანი ომია'' - ამბობს ექსპერტი. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში