ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი 46 ხმით გეგა გეგეშიძე გახდა. ის ჭიდაობის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნები 17 დეკემბერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობის შემდეგ გაიმართა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის გეგა გეგეშიძის გარდა კიდევ ორი კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, რომელმაც 24 ხმა მიიღო და ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული, ესტატე გოგლიჩიძე. მან 3 ხმა დააგროვა. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი კი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით გამოეთიშა. ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა საარჩევნო კომისიას საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი ვერ წარუდგინა, რასაც მოჭიდავეების მხრიდან უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ადრე გეგა გეგეშიძე შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.